სანიოლი ფეხბურთელებთან ერთად გაერთო - ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული გუნდი „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე შეიკრიბა და 2021 წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით გამართა.
საწვრთნელ პროცესში სულ 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ამის გამო გუნდი სახალისო ვარჯიშებითაც გაერთო. მაგალითად, ფეხბურთელებმა გრეჰეთბოლი ითამაშეს, რომელშიც ვილი სანიოლიც მონაწილეობდა, მის მხარეს კი თორნიკე ოქრიაშვილი იყო.
9 ნოემბრიდან შეუერთდებიან ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები – ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, დავით ვოლკოვი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია, ნიკა კაჭარავა.
შეგახსენებთ, რომ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ყვითელი ბარათების გამო შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, მაგრამ გუნდთან ერთად არიან და უზბეკეთთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის მოემზადებიან.
გუნდი სრული შემადგენლობით პირველად ხვალ, თბილისში ივარჯიშებს, შემდეგ კი ნაკრები ბათუმში გაემგზავრება, სადაც 11 ნოემბერს ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, შვედეთის ნაკრებს შეხვდება.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
11 ნოემბერი. 21:00. ბათუმი
საქართველო – შვედეთი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
15 ნოემბერი. 18:00. გორი
საქართველო – უზბეკეთი
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.