სანდრო რაქვიაშვილი - კომიტეტის სხდომაზე როცა მიდიხარ, დამსწრეთა სიაში ყველა ოპოზიციონერის ხელმოწერაა, თითქოს დარბაზშია, რათა ხელფასი არ დააკლდეთ, ასეთი ბოიკოტის არ მჯერა
სანდრო რაქვიაშვილი - კომიტეტის სხდომაზე როცა მიდიხარ, დამსწრეთა სიაში ყველა ოპოზიციონერის ხელმოწერაა, თითქოს დარბაზშია, რათა ხელფასი არ დააკლდეთ, ასეთი ბოიკოტის არ მჯერა

ოპოზიციონერ დეპუტატ სანდრო რაქვიაშვილს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელო“ მიერ გამოცხადებული პოლიტიკური ბოიკოტი არასერიოზულად მიაჩნია.

„იცით, როგორი ბოიკოტია? – სასაცილო, რადგან კომიტეტის სხდომაზე როცა მიდიხარ, სხდომაზე დამსწრეთა სიაში ყველა ოპოზიციონერის ხელმოწერაა, თითქოს დარბაზშია, რათა ამით ხელფასი არ დააკლდეთ. ასეთი ბოიკოტის არ მჯერა. ეს დამოკიდებულებაა იმას ჰგავს, საქმე არ მაქვს და სხდომაზე ტყუილად რატომ ვიჯდეო“, – აღნიშნავს სანდრო რაქვიაშვილი.

ამასთან, დეპუტატი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მანდატი ორი მიზნით არ დატოვონ, ციხეში შესვლის უფლება ჰქონდეს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.

„მიხეილ სააკაშვილის სიტუაცია რომ განვიხილოთ, ინფორმაციის დეფიციტი გვაქვს, მართლა რამდენად კრიტიკული მდგომარეობაა. ვერ დავიჯერებ, რომ ვიღაცას შეიძლება მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი უნდოდეს ციხეში. ვერ ვხდები, მანდატების დატოვება რისთვის ხდება?! მანდატების დატოვების მხოლოდ ერთი ახსნა მაქვს, რომ ეს არის გარკვეული ერთგულების ილუსტრაცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. როცა სააკაშვილმა მანდატების დატოვება მოითხოვა, რამდენიმე პოლიტიკოსი გამოვიდა და თქვა, რომ კი, ბატონო მიხეილ, მე ერთგული ვარ და ამის ნიშნად მანდატებსაც დავტოვებთ, მაგრამ სავარაუდოდ, ასეთი ბევრი არ აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ შიგნით შეიძლება პრობლემა ჰქონდეს ამ გაუგებარი გადაწყვეტილების შედეგად, რადგან მართლაც გაუგებარია, ეს რისთვის უნდა გააკეთონ, რა მოჰყვება. იქნებ, რაღაც კარგი ხდება და მეც დავწერ ამ განცხადებას, რა პრობლემაა? – ოღონდ მითხრან, რისთვის აკეთებენ ამას. მთელი წელი დავხარჯეთ ბოიკოტზე ლაპარაკში და ვერავინ გვითხრა არგუმენტი მაშინ, ახლა თუ გვეტყვიან, ვიმსჯელოთ.

როგორც ჩანს, ეს დაინახა მიხეილ სააკაშვილმა და გადაიფიქრა. პარლამენტში დეპუტატების საუბრიდან მეც გამიგია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მანდატების დატოვების საკითხზე თავად შეექმნა შიგნით პრობლემა. არ ვიცი, ეს რამდენად სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მახსოვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრები, სადაც მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები წინააღმდეგი იყვნენ ბოიკოტის გამოცხადების და იქ ძალიან ცხელი დისკუსიები იმართებოდა ხოლმე. როგორც უნდა შევაფასოთ „ნაციონალური მოძრაობა“ საბედნიეროდ ზოგ დეპუტატს თავის აზრიც გააჩნია, მარტო ბელადს არ მიჰყვებიან. აქედან გამომდინარე, იქ ალბათ განსხვავებული აზრები იყო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.