სანდრო მამუკელაშვილმა „სენტ ჯონსთან“ 32 ქულა ჩააგდო (ვიდეო)

სეტონ ჰოლის“ ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენცია დიდებული თამაშითა და გამარჯვებით გახსნა. მისმა გუნდმა კონფერენციის ჩემპიონატის პირველ ტურში „სენტ ჯონს“ უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის ლიდერობით 77:68 მოუგო.

მამუკელაშვილმა 7 დეკემბერს „პენსილვანიასთან“ ოვერტაიმში მოგებულ მატჩში 30 ქულა მიითვალა, რითაც ამერიკური კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა. ამჯერად კი მან ეს შედეგი 2 ქულით გააუმჯობესა. თან სანდრომ ეს ოფიციალურ, საკონფერენციო შეხვედრაში მოახერხა. მისი გუნდის მიერ მოგროვებული 77 ქულიდან 32 მის ანგარიშზე იყო, რაც NCAA-ის 40-წუთიანი მატჩების კვალობაზე უდიდესი მიღწევაა.

მამუკელაშვილი ამერიკელი სპეციალისტებისა და სკაუტების, შესაბამისად – NBA-ის გუნდების რადარზეა. სანდრო სეზონის დაწყებამდე დასახელდა 20 საუკეთესო ფორვარდს შორის, რომელთაგან გაზაფხულზე კარლ მელოუნის პრიზის მფლობელი, ანუ NCAA-ის საუკეთესო თავდამსხმელი უნდა გამოვლინდეს. მამუკელაშვილი გაცემულ ავანსებს ამართლებს და ის ფაქტობრივად შეუჩერებელია. 30-ქულიანი მატჩის შემდეგ მან მოკრძალებული მატჩი ჩაატარა „ვაგნერთან“. მოედანზე ყოფნის 19 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. „სენტ ჯონსთან“ ის შეუჩერებელი იყო და 39 წუთში 32 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

როგორც გითხარით, ეს გახლდათ Big East-ის კონფერენციის პირველი ტურის შეხვედრა. NCAA-ის 32 კონფერენციიდან Big East-ის 11-გუნდიანი კონფერენცია ერთ-ერთი უძლიერესია, რომელშიც „სეტონ ჰოლთან“ ერთად სახელგანთქმული „ვილანოვა“ და სხვა, სპორტული პროგრამით გამორჩეული უნივერსიტეტების გუნდები – „ქსავიერი“, „ჯორჯთაუნი“, „მარკეტი“, „პროვიდენსი“, „ბატლერი“ თამაშობენ. ამ სეზონში კონფერენციას დაემატა კონეკტიკუტის უნივერსიტეტის გუნდი და Big East-ი 11 წარმომადგენლამდე შეივსო.

რეგულარული ჩემპიონატი თითოეული გუნდისთვის 20 მატჩს მოიცავს: ყველა გუნდი ერთმანეთს ორ-ორჯერ შინ და სტუმრად შეხვდება, რის შემდეგაც 8 საუკეთესო პლეი ოფში გადაინაცვლებს და კონფერენციის ჩემპიონს გამოავლენს.

32 კონფერენციის ჩემპიონის გარკვევის მერე იწყება ეგრედწოდებული „მარტის სიგიჟე“, რაც რეალურად NCAA-ის აბსოლუტური ჩემპიონის გამოსავლენ ტურნირს წარმოადგენს. აღნიშნულ შეჯიბრებაში ავტომატურად მონაწილეობს 32 კონფერენციის გამარჯვებული, რომლებსაც ერთი ამდენი ემატება და „მარტის სიგიჟეში“ მონაწილე 64 უნივერსიტეტი ჩემპიონობისთვის ბრძოლას ერთმატჩიანი სერიებით, 1/32 ფინალიდან იწყებს.

gbf.ge