სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოში“ გადასვლის შემდეგ პირადი რეკორდი დაამყარა - 20 ქულა „პელიკანსთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოში“ გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა, თუმცა მისმა გუნდმა კი ნიუ ორლეანში, „პელიკანსთან“ 84:119 წააგო.
23 წლის ქართველმა ფორვარდმა გრეგ პოპოვიჩის გუნდში მორიგი შეხვედრა დაიწყო სასტარტო ხუთეულში და 25 წუთში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
შეგახსენებთ, რომ „სან ანტონიოში“ მამუკელაშვილისთვის საუკეთესო შედეგი 12 ქულა იყო.
მთლიანობაში სანდრომ ორქულიანებიც 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა და სამიანებიც. მამუკელაშვილმა 8-იდან 4 ორქულიანი და 6-იდან 3 სამიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან სამივე ტყორცნა 100-პროცენტიანი სიზუსტით გამოიყენა. მოგროვებული 20 ქულით ის „სან ანტონიოში“ საუკეთესო იყო. აღსანიშნავია, რომ „ნიუ ორლეანსის“ ძირითადმა ცენტრმა, იონას ვალანჩუნასმა 28 წუთი ითამაშა, 19 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. „სან ანტონიოში“ 15-15 ქულა დააგროვეს დევონტე გრეჰემმა და ტრე ჯონსმა.
„სან ანტონიოს“ თითქმის დაკარგული აქვს პლეიოფში გასვლის შანსი, ხოლო „ნიუ ორლეანი“ სწორედ იქ მოსახვედრად იბრძვის და გამარჯვებაც ჰაერივით სჭირდებოდა. „სან ანტონიოს“ ლეგენდარული მწვრთნელი, გრეგ პოპოვიჩი გუნდს სამომავლოდ აშენებს და როგორც ჩანს, მისი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი კალათბურთელია. მან ეს ღიადაც განაცხადა ერთი კვირის წინ, „დენვერთან“ სანდროს დიდებული თამაშის შემდეგ.