სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა [ვიდეო] #TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თითქოს გუნდები და როლები გაცვალეს სანდრო მამუკელაშვილმა და გოგა ბითაძემ. თუ აქამდე გოგას საკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა და სტატისტიკაც ეფექტური იყო, ბოლო მატჩებში მწვრთნელი აღარ ენდობა. ამის მიზეზი ცენტრის ვენდელ კარტერის დაბრუნებაა. საპირისპიროდ, სეზონის დასაწყისში მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი არ ათამაშებდა სანდრო მამუკელაშვილს, ბოლო მატჩში კი ენდო და შედეგიც მიიღო.

უფრო კონკრეტულად: მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „დალასს“ ესტუმრა და 119:144 დამარცხდა. სანდრომ 15 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. მის ანგარიშზე 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 6-დან 5 საჯარიმოა.

14 ქულა მისი საამსეზონო რეკორდია. აბსოლუტური რეკორდი კი 28 ქულაა.

კოჭის ტრავმის გამო „სან ანტონიოში“ არ უთამაშია დრაფტის პირველ ნომერ ვემბანიამას. „დალასში“ კი „იფრინა“ ლუკა დონჩიჩმა – 39 ქულა, 12 მოხსნა, 10 პასი.

***

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად მისივე ყოფილი კლუბი „ინდიანა“ დაამარცხა – 117:110. ქართველმა ცენტრმა 11 წუთი ითამაშა, თითო ქულა-მოხსნა-დაფარება და ორ-ორი პასი-ჩაჭრა მიითვალა.

„ორლანდოს“ გამარჯვება 34-ქულიანი ბანკეროს დამსახურებაა.