სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „ატლანტასთან“ 24-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა და სეზონზე მეცხრამეტე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოში“ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ტეხასელებმა „ატლანტა ჰოუქსს“ უმასპინძლეს და მე-3 პერიოდში 24-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვეს. „სან ანტონიომ“ პირველ ნახევარში 83 ქულა მიიღო „ატლანტასგან“, სამაგიეროდ მეორე ტაიმში სუპერდაცვა ითამაშა, მხოლოდ 35 ქულა გაუშვა და ამის წყალობით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა – 126:118.
მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი გაატარა, 7 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-იდან 1 ორქულიანი, 3-იდან 1 სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
„სპურსის“ რიგებში საუკეთესონი დევინ ვასელი და კელდონ ჯონსონი იყვნენ – 29-29 ქულა. ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც მიითვალა.
„სპურსმა“ 19 მოგება და 52 მარცხი მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 22 მარტს „ნიუ ორლეანს პელიკანსთან“ ჩაატარებს.
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ლეიკერსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 105:111 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა 15 წუთი ითამაშა, 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა.
„ორლანდოს“ 29 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.