სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ 21-ე მატჩი მოიგო და ისტორიულ ანტირეკორდს გადაურჩა [ვიდეო] #1TVSPORT
10:05, 07.04.2023
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გამართეს გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა. გოგას „ორლანდო“ „კლივლენდს“ ესტუმრა და 94:118 დამარცხდა, ხოლო სანდროს „სან ანტონიო სპურსმა“ ვლადიმერ სტეფანიას ყოფილი გუნდი „პორტლენდი“ მიიღო და 129:127 დაამარცხა.
„სპურსისთვის“ ეს ისტორიული შეხვედრა იყო – გუნდმა პირველად ითამაშა ქალაქ ოსტინში (სულ ოთხ შეხვედრას გამართავს), ხოლო 21-ე გამარჯვებით ისტორიული ანტირეკორდი აიცილა თავიდან: 1997 წელს „სან ანტონიომ“ სეზონი 20 გამარჯვებით დაასრულა და იმავე წელს დრაფტზე ტიმ დანკანი აიყვანა.
„პორტლენდთან“ მამუკელაშვილმა 21 წუთში 4 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა.
რაც შეეხება გოგა ბითაძეს, „კლივლენდთან“ მანაც 21 წუთი ითამაშა და ბურთი შვიდჯერ მოხსნა, რასაც 7 ქულა, 2 დაფარება და 1 პასი მიამატა.
ქართველების გუნდები პლეიოფში ვერ გადიან. „ორლანდო“ მომდევნო შეხვედრას „ბრუკლინთან“ 8 აპრილს გამართავს, „სან ანტონიო“ „მინესოტასთან“ 9 აპრილს ითამაშებს.