სანდრო მამუკელაშვილის რეკორდი NBA-ში - 14 მოხსნა „მემფისთან“ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT
„სან ანტონიომ“ ოვერტაიმში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. სანდრო მამუკელაშვილის ახალმა გუნდმა ორი დღის წინ დალასში, დამატებით დროში დათმო შეხვედრა, ახლა კი შინ „მემფისთან“ ოვერტაიმში დამარცხდა – 120:126.
ქართველმა ფორვარდმა ამ მატჩში მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა. სანდრომ მოედანზე გატარებულ 22:45 წუთში 14 მოხსნა მიითვალა. ეს მამუკელაშვილის პროფესიულ კარიერაში უმაღლესი შედეგია. აქამდე მისი რეკორდული მაჩვენებელი 13 მოხსნა იყო, რომელიც მან წინა სეზონში, „მილუოკიში“ თამაშის დროს, „კლივლენდის“ წინააღმდეგ დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ „სან ანტონიომ“ თითქმის მოგებული მატჩი წააგო. შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:50 წუთით ადრე მამუკელაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი „სან ანტონიო“ 106:96 დააწინაურა. ქართველი ფორვარდი საფინალო სირენამდე 2:05 წუთით ადრე მოედნიდან გავიდა, რა დროსაც მისი გუნდი 8 ქულით იგებდა. დარჩენილ 2 წუთში მემფისელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრის ძირითადი დრო 109:109 დასრულდა. დამატებით დროში მამუკელაშვილი მოედანზე არ გამოჩენილა, „სან ანტონიომ“ კი შეხვედრა 120:126 დათმო.
სანდროს სტატისტიკა ასეთი იყო: 6 ქულა, 14 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა. 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და 1 სამქულიანი ააცილა. სანანტონიოელთაგან 25 ქულით საუკეთესო იყო დევინ ვასელი, ზაკ კოლინსმა 24 ქულა მიითვალა, კელდონ ჯონსონის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა.
„სან ანტონიო“ მორიგ მატჩს 19 მარტს, კვლავ შინაურ არენაზე, ამჯერად „ატლანტა ჰოუქსთან“ გამართავს.