სანდრო კობახიძე - „მილანს“ ერთი პერიოდი მთელი საქართველო გულშემატკივრობდა და მოგვეცა შანსი, ეს გუნდი თბილისში ვიხილოთ #1TVSPORT
21 სექტემბერს, საქართველოს და „მილანის“ ლეგენდების შეხვედრა გაიმართება. ვეტერანმა „ჯვაროსნებმა“ მატჩისთვის მზადება დაიწყეს და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს. მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ გააკეთა.
„როგორ ფორმაში ვართ, ჯერ არ ვიცით, ახლა შევიკრიბეთ და გამოჩნდება. იმედი მაქვს, კარგად მოვემზადებით. ლეგენდების მატჩი ძალიან კარგი პროექტია და ალბათ, თბილისში საფეხბურთო დღესასწაული იქნება, რადგან ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გუნდი ჩამოდის.
„მილანს“ ერთი პერიოდი მთელი საქართველო გულშემატკივრობდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ კალაძე თამაშობდა, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან კარგი გუნდი იყო. ახლა კი ამ გუნდის ფეხბურთელები ჩამოდიან. ჩვენ და მაყურებელს მოგვეცა შანსი, რომ ეს „მილანი“ თბილისში ვიხილოთ. ამიტომ მადლობა მათ, ვინც ასეთი პროექტის ორგანიზება მოახერხა და ასეთ დღესასწაულს გვჩუქნის“, – ამბობს სანდრო კობახიძე.
ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი თბილისში 21 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართება. ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზეა შესაძლებელი. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.