სანდრო კალანდაძე - ამაყი ვარ, რომ ისეთი დიდი გუნდის მაისურს ვატარებ, როგორიც „ფეჰერვარია“ #1TVSPORT
უნგრული „ფეჰერვარის“ პრესსამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა სანდრო კალანდაძეს, სადაც 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ამბობს, რომ შეიძლებოდა, მოჭადრაკე გამხდარიყო.
„ამაყი ვარ, რომ ისეთი დიდი გუნდის მაისურას ვატარებ, როგორიც „ფეჰერვარია“. ვარჯიშებსა და შეხვედრებისას ბოლომდე უნდა დავიხარჯო. ფეხბურთის თამაში 6 წლის ასაკში დავიწყე, მანამდე ჭადრაკს ვთამაშობდი და საკმაოდ წარმატებულადაც – რამდენიმე ტურნირი მოვიგე. მაშინ ჭარბი წონა მქონდა. მშობლებმა იმ იმედით შემიყვანეს ფეხბურთზე, რომ დავიკლებდი. ახლა მეღიმება, მაგრამ მართლა ასე იყო. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ საფეხბურთო მოედანზეც არ ვიყავი მოუხერხებელი. ჭადრაკს დღემდე ვთამაშობ, თუმცა ახლა ისეთ დონეზე აღარ ვარ, როგორც ბავშვობაში.
– მოგვიყევით საქართველოზე…
– ეს შესანიშნავი ქვეყანაა! ყველას, ვინც აქამდე არ ყოფილა ჩემს სამშობლოში, ვურჩევ, აუცილებლად ესტუმროს – იმედი არ გაუცრუვდება. მე თბილისში გავიზარდე და ეს ქალაქი ძალიან მიყვარს.
რა თქმა უნდა, იქ არ ცხოვრობს იმდენი ადამიანი, რამდენიც ბუდაპეშტში, მაგრამ თბილისი მართლაც უნიკალური ქალაქია. ცხადია, ყველასთვის საკუთარი ქვეყანა განსაკუთრებულად ლამაზია, თუმცა გულწრფელად მოვუწოდებ ყველას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს.
– ვინ იყო თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ბავშვობაში?
– კაკა. განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა „მილანში“ თამაშობდა. არ ვიტყვი, რომ ის ჩემთვის მისაბაძი იყო, რადგან მცველი ვარ, ის კი შემტევი ნახევარმცველი, მაგრამ მისი თამაშები ძალიან მიყვარდა და სწორედ ის იყო ჩემი საყვარელი მოთამაშე.
– 19 წლის ასაკში პირველად წახვედით უცხოეთში, „დიოშდიორში“. როგორ მოხდა ეს?
– ცოტა ხნით ადრე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად უნგრეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ჩავატარეთ. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ იმ ტურნირზე მართლაც კარგად ვითამაშე. უნგრეთის ნაკრებს 4:2 მოვუგეთ, რამაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემს კარიერაზე. როგორც ჩანს, სწორედ მაშინ შემნიშნეს „დიოშდიორის“ წარმომადგენლებმა.
ახალ გუნდში ადაპტაცია იოლად გავიარე. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემთან ერთად საქართველოდან კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი ომარაშვილი ჩავიდა. თავდაპირველად მეორე გუნდში ვთამაშობდით, თუმცა მოგვიანებით პირველ გუნდშიც შანსი მოგვეცა.
მას შემდეგ უკვე ხუთი წელი გავიდა. უნგრეთის ჩემპიონატში რამდენიმე ქართველი ასპარეზობდა. ეს ფიზიკურად ძლიერი ლიგაა და ახალგაზრდა მოთამაშისთვის ძალიან სასარგებლოა. ვიცი, რომ ბევრ ასპექტში შემიძლია, კიდევ მოვუმატო.
– საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩაატარეთ…
– დიახ, სანიოლი ძალიან კარგი მწვრთნელია. მუდამ მისი მადლობელი ვიქნები, რომ შანსი მომცა. ის დიდ აქცენტს აკეთებს დაცვითი ხაზის საიმედოობაზე, რაც ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. ვფიქრობ, საქართველო რეგიონში გამორჩეული დაცვითი გუნდია, რაც ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი მატჩი ნაკრებში ნორვეგიის წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში უშუალოდ მოედანზე შევაფასე ერლინგ ჰალანდის ფიზიკური ძალა და უნარები. ის ნამდვილი „ტერმინატორია“ – თუ მოინდომებს, კედლებშიც გაივლის. მის წინააღმდეგ თამაში რთული იყო, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან დიდი გამოცდილებაც მომცა“.