საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიასთან ამხანაგურ მატჩში ფრედ ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლატვიის ასაკობრივ გუნდს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა – შეხვედრა 2:2 დასრულდა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე წყალტუბოს „სამგურალის“ მცველმა, მათე შათირიშვილმა გახსნა, ხოლო 21-ზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით „ატლეტიკო ოსასუნას“ ნახევარმცველმა, ნიკოლოზ ბარიხაშვილ-შეყლაშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
მაგრამ უმცროსმა „ჯვაროსნებმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – სხვაობა 25-ე წუთზე მიკელის მენიკსმა შეამცირა, ხოლო 73-ე წუთზე ლუკა კუპრავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ლატვიელებმა ანგარიში გაათანაბრეს – 2:2.
მომდევნო შეხვედრას გუნდები იმავე სტადიონზე 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე ჩაატარებენ.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც სან მარინოში გაიმართება – B ლიგაში საქართველოს მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, დანია და სან მარინო იქნებიან.
შესარჩევი ეტაპი, B2 ჯგუფი:
11 ნოემბერი | დანია – საქართველო
14 ნოემბერი | ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო
17 ნოემბერი | სან-მარინო – საქართველო