სანდრო ბაზაძე - ოლიმპიურ ლიცენზიამდე ერთი ბრძოლის მოგება დამრჩა | ფარიკაობა
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად მყოფმა ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ თავის მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულ მსოფლიო თასის სატელიტ ტურნირზე ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა და მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები მოიპოვა. სპორტსმენის თქმით, ახლა მას მხოლოდ ერთი ბრძოლის მოგება დარჩა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვოს.
„ძალიან აქტიურად ვემზადები, რადგან ოლიმპიადა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. მსოფლიო თასის სატელიტის მსგავსი ტურნირი სექტემბერშიც ჩატარდა და იქაც მოვიპოვე რამდენიმე ქულა. ახლა ერთ ფრანგ სპორტსმენთან მაქვს კონკურენცია, რომელსაც უკვე დავეწიე და პირველ-მეორე ადგილებს ვიყოფთ ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებისთვის ბრძოლაში. ამიტომ, ახლა ოთხი ტურნირი დარჩა და მინიმუმ ერთი ბრძოლაც რომ მოვიგო, პლეიოფში, უკვე ლიცენზიას მოვიპოვებ“, – განაცხადა ბაზაძემ.
„ტაიმაუტში“ ასევე სტუმრად იმყოფებოდა კიდევ ერთი ქართველი მოფარიკავე – თეოდორა კახიანი, რომელმაც თბილისში გამართულ მსოფლიო თასის სატელიტ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.