სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ხმლით მოფარიკავეთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სანდრო ბაზაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჯგუფური ეტაპისა და პლეიოფის საწყის სტადიაზე წარმატების შემდეგ, ბაზაძემ 1/4 ფინალში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოფარიკავე, იტალიელი ლუკა კურატოლი დაძაბულ ბრძოლაში 15-14 დაამარცხა. 1/2 ფინალში სანდრო გერმანელ მაქს ჰარტუნგს შეხვდა. მეტოქემ, ჯგუფურ ეტაპზე წაგებული ბრძოლის შემდეგ, სანდროსთან რევანშის აღება შეძლო და საბოლოოდ, დრამატულ 1/2 ფინალში სძლია. ბაზაძე შეხვედრას 14-12 იგებდა, საბოლოოდ კი 14-15 წააგო და ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა.
2017 წლის კონტინენტის პირველობის 1/2 ფინალი ბაზაძემ, წლევანდელის მსგავსად, გერმანელ მაქს ჰარტუნგთან წააგო.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს: ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი 32 საუკეთესოს შორის მოხვდნენ, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი 19 წლის ნიკა შენგელია კი 16 საუკეთესოს შორის იყო.