სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიაში გაიტანა - „ვოლფსბერგერი“ გასვლით მატჩში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო ალთუნაშვილმა ქართული ლეგიონის მწირი მონაგარი გაალამაზა და ავსტრიის ბუნდესლიგაში „კლაგენფურტს“ გოლი გაუტანა, მაგრამ ეს „ვოლფსბერგერისთვის“ საკმარისი არ გამოდგა და გასვლით მატჩში დამარცხებას ვერ გადაურჩა – 1:2.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო, მოედანზე კი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა, როდესაც „კლაგენფურტი“ უკვე 2:0-ს იგებდა. ორივე გოლი პენალტით მასპინძელთა თავდამსხმელმა, ბენ ბობზიენმა გაიტანა.
ალთუნაშვილმა სხვაობა 70-ე წუთზე შეამცირა და სეზონში პირველი გოლი ჩაიწერა. საბოლოოდ, ქართველის გუნდმა თამაში ვერ გადაარჩინა, მაგრამ „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა, ვიმერის შემდეგ, სტუმართა შორის საუკეთესო შეფასება (7.6) დაიმსახურა.
ავსტრიის ბუნდესლიგაში გამართული 12 ტურის შემდეგ „ვოლფსბერგერს“ 17 ქულა აქვს და მე-5 ადგილზე დაქვეითდა.