ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილი ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნულ ნაკრების სექტემბრის მატჩებისთვის გამოიძახა. 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი „ჯვაროსნების“ შეკრებაზე პირველად მიიწვიეს და საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მისი კარიერისთვის დიდი სტიმულია.
„ზუსტად არ ვიცი, სანიოლის დაინტერესება რამ განაპირობა. დიდი ალბათობით, გარდამტეხი მომენტი კონფერენს ლიგაზე ბათუმის „დინამოს“ გამოსვლა იყო. გუნდმა და თითოეულმა ფეხბურთელმა ეს თამაშები საკმაოდ ღირსეულად ჩაატარა. ჩვენთან ნაკრების ბევრი მოთამაშეა და მათი გამოძახება ჩვენთვისაც დიდი სტიმული იყო. ნაკრებიდან ჩამოსულები სულ სხვაგვარად თავდაჯერებულები ათამაშდნენ, რაც კონფრენს ლიგაზეც გამოჩნდა. ნაკრებში მიწვევა მართლა სხვა სტიმული და კარიერის სხვა დონეზე აწყობის შანსია. დარწმუნებული ვარ, ასეთი შემადგენლობით და გამოცდილებით, ბათუმის „დინამო“საქართველოშიც და ევროსარბიელზეც შედეგს მალე მიაღწევს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სანდრო ალთუნაშვილი.
ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველის თქმით, ცუდი ისაა, რომ ჩვენს ნაკრებს სექტემბრის შეხვედრაში კოსოვოსთან ბათუმელი მაყურებელი დააკლდება:
„ეს ამბავი ძალიან დასანანია, რადგან ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ჩვენი გულშემატკივრობის ძალა კარგად ვიცით. „დინამო თბილისთან“ გვქონდა პირველი მატჩი, სადაც ხალხი ბათუმის „დინამოს“ საშინაო მატჩზე დაუშვეს. მათ ისეთი გულშემატკივრობა იციან, თავი ევროპულ ლიგაში მეგონა. ეს ფეხბურთელებისთვის უდიდესი სტიმულია, რაც ახლა ნაკრებს მოაკლდება“, – ამბობს ალთუნაშვილი.