ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ჯეიდონ სანჩო, ტამი აბრაჰამი და ბენ ჩილუელი არ ითამაშებენ ამხანაგურ მატჩში უელსის წინააღმდეგ, რადგან ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია აგრძელებს გამოძიებას ამ ფეხბურთელთა მხრიდან ანტიკორონავირუსული პროტოკოლის დარღვევის საქმეზე, – წერს „სქაი სპორტსი”.
აბრაჰამი თავის 23-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა და საღამოზე პარტნიორები დაპატიჟა. წვეულებას 20 ადამიანი ესწრებოდა იმ დროს, როცა ბრიტანეთის მთავრობის მიერ შემუშავებული პროტოკოლი კრძალავს ექვსზე მეტი ადამიანის შეკრებას. სანჩომ, აბრაჰამმა და ჩილუელმა უკვე მოიხადეს საჯარო ბოდიში.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდის წინა შეკრებისას ნაკრებიდან სკანდალით გარიცხეს „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი მეისონ გრინვუდი. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სასტუმროში გოგონები დაპატიჟეს, რითაც დაარღვიეს პანდემიის დროს მოქმედი წესები. მომხდარის შემდეგ, ფოდენი და გრინვუდი ინგლისის ნაკრებში აღარ გამოიძახეს.