საქართველოს ნაკრებს მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში ოთხი საკვანძო მოთამაშე ვერ დაეხმარება – გიორგი მიქაუტაძე და დავით ხოჭოლავა საკლუბო მატჩების, ხოლო ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძე – ტრავმის გამო.
სანიოლის სიაში ბევრი სხვა სიახლე და სიურპრიზიცაა. საქართველოსა და მაროკოს შორის არაბეთის გაერთიანებულ საამიროების, ქალაქ შარჯაში, 17 ნოემბერს დაგეგმილ ამხანაგური მატჩში „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 22 ფეხბურთელი გამოიძახა, აქედან ორი დებიუტანტია – 21 წლამდე ნაკრების წევრები გიორგი გოჩოლეიშვილი და საბა საზონოვი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგური მატჩისთვის მოემზადებიან მოთამაშეები, რომლებსაც ნაკრებში სხვადასხვა მიზეზების გამო, ბოლო დროს არ უთამაშიათ – მცველი ჯიმი ტაბიძე და ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია).
ყველაზე საინტერესო თავდასხმელების სიაა – ზივზივაძის არყოფნაში, შანსი მიეცათ ისეთ შემტევებს, რომლებსაც ბოლო წელი სანიოლი შეკრებაზე აღარ იწვევდა – დავით ვოლკოვს („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძეს („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაისა („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი) და ლევან შენგელისა („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი).
მაროკოსთან 17 ნოემბერს დანიშნული ამხანაგური შეხვედრა მათთვის შანსია, რომ სანიოლის თავისი საჭიროება დაუმტკიცონ. ნაკრებში ბოლო შეკრებებზე სანიოლი აღარ იწვევს ბათუმის „დინამოს“ მცველს, გოგა ჩაბრაძეს. ახლაც, ოთარ კაკაბაძის არყოფნაში ჩაბრაძის გამოუძახელობა ფრანგი მწვრთნელის მისადმი დამოკიდებულებაზე მეტყველებს. გულშემატკივრები გუნდში ბათუმელთა ნახევარმცველის, სანდრო ალთუნაშვილის გამოძახებას ელოდნენ, მაგრამ სანაკრებო სიაში მისი გვარიც არ არის.