სანაკრებო მატჩების შემდეგ, შესაძლოა, კვარაცხელია რუსეთში აღარ დაბრუნდეს #1TVSPORT
„არ არის გამორიცხული, სანაკრებო პაუზის შემდეგ „რუბინში“ აღარც დაბრუნდეს“, – ეს ფრაზა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „რუბინის“ დღევანდელი მატჩის კომენტატორმა განაცხადა.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისგან გულშემატკივრები ელიან, რომ ის ყაზანის „რუბინს“ დატოვებს. ფიფა-ს გადაწყვეტილებით, მას შეუძლია რუსული გუნდიდან სამი თვე წავიდეს და ამის გამო არ დასჯება.
კვარაცხელია დღემდე რუსული კლუბიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებდა. თუმცა დამაიმედებლად ჟღერდა წინა ტურის შემდეგ „რუბინის“ მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის პრესკონფერენციაზე წამოცდენილი ფრაზა, რომ „ხვიჩა ისედაც (რუსეთიდან) გაქცევაზეა“.
კვარაცხელიამ „რუბინს“ ბოლო ტურის შეხვედრაში უკაპიტნა, სადაც საგოლე გადაცემა გააკეთა. მატჩის კომენტატორმა კი ვარაუდი გამოთქვა, რომ კაპიტნის სამკლავური შემთხვევით არ ჰქონდა:
„ეს კაპიტნობა ხვიჩასთვის შეიძლება სიმბოლურიც იყოს, რადგან არ არის გამორიცხული, სანაკრებო პაუზის შემდეგ „რუბინში“ აღარც დაბრუნდეს“.
22 წლის თავდამსხმელი ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების მარტის თამაშებზე გამოიძახა, სადაც „ჯვაროსნები“ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთს დაუპირისპირდებიან.