სან-ანტონიო მინეაპოლისში შერცხვა, ჰიუსტონმა ზედიზედ მეოთხედ წააგო
10:49, 29.11.2018
მორიგი მატჩები ჩატარდა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. არასტაბილურ თამაშს განაგრძობს, სან ანტონიო „სფერსი“. გრეგ პოპოვიჩის გუნდი, დღეს დილით, მინიაპოლისში, ადგილობრივ „ტიმბერვულვზთან“ 89-128 განადგურდა. მასპინძლებმა მეორე მეოთხედი 29-9 მოიგეს. სწორედ ეს მონაკვეთი გამოდგა გარდამტეხი, რის შემდეგაც თამაშმა ყველანაირი ინტრიგა დაკარგა. მინესოტას რობერტ კოვინგტონმა ულიდერა, რომელიც ფილადელფიიდან გადასვლის შემდეგ, გუნდს შესანიშნავად შეეწყო. მსუბუქი ფორვარდის ანგარიშზე 21 ქულა და 9 მოხსნა დაფიქსირდა. ტომ ტიბოდოს გუნდისთვის ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გამოდგა. მინეაპოლისელები მოგება წაგების თანაბარი მაჩვენებლით (11/11) პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდნენ. სან ანტონიო „სფერსი“ მე-12 ადგილამდე დაქვეითდა.
კვლავ საკადრო პრობლემები აქვს ჰიუსტონ „როკეტსს“. ტეხასურ კლუბს, სხვადასხვა მიზეზების გამო, რამდენიმე მოთამაშე აკლია. ბუნებრივია, მთავარი დანაკლისი კრის პოლის არყოფნაა. ძირითადი გამთამაშებელის გარეშე, ჰიუსტონი წარუმატებელ თამაშს განაგრძობს. მაიკ დანტონის გუნდი, ამჯერად საკუტარ მოედანზე, დალასთან დამარცხდა 20 ქულიანი სხვაობით, 108-128. ჯეიმს ჰარდენის კარგი სტატისტიკა საკმარისი ისევ არ აღმოჩნდა. ლიგის ერთერთი გამორჩეული კალათბურთელის მონაგარი სამმაგი დუბლია – 25 ქულა, 17 პასი, 11 მოხსნა. დალასმა, მეტოქეს გუნდური კალათბურთით აჯობა. „მავერიქსის“ შვიდ კალათბურთელს 10 და მეტი ქულა ჰქონდა. საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ. ახალგაზრდა სლოვენიელმა 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. რიკ კარლაილის გუნდი პლეი-ოფის ზონაში შევიდა. ჰიუსტონი კი მხოლოდ მეთოთხმეტეა დასავლეთ კონფერენციაში.