„სამტრედიაში“ სატრანსფერო სიახლეებია - საჯაია წავიდა, ჩაკვეტაძემ კონტრაქტი გაახანგრძლივა
„სამტრედიას“ ფეხბურთელები ორკვირიან კარანტინში ქალაქ რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში იმყოფებიან.
კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით, ფეხბურთელებმა ეროვნული ლიგის განახლების მატჩებისთვის მზადება უკვე დაიწყეს. ჩემპიონატის განახლებამდე, „სამტრედია“ COVID 19-ზე ტესტირების მეორე ეტაპს გაივლის, 27 ივნისს კი გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „დილას“ დაუპირისპირდება.
ცნობილი გახდა, რომ გუნდში სიახლეებია. მცველს, დავით საჯაიას „სამტრედიასთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რომლის გახანგრძლივებაც არ გადაწყდა და 26 წლის მცველი კარიერას ახალ კლუბში გააგრძელებს.
ამავე დროს, გუნდის პრესსამსახურის ცნობით, „სამტრედიასთან“ ალეკო ჩაკვეტაძესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, 25 წლის ცენტრალური მცველი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.