„სამტრედიას“ ორი ახალწვეული ჰყავს
„სამტრედიას“ ორი ახალწვეული ჰყავს

„სამტრედია” სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და პარალელურად, საკადრო პრობლემების მოგვარებას ცდილობს.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა გუნდმა ორი მოთამაშე ელიგიდან გავარდნილი „რუსთავიდან” დაიმატა. პირველი მათგანი ლაშა ქოჩლაძეა – 24 წლის ნახევარმცველი, რომელსაც „ცხინვალსა” და თბილისის „დინამოში“ უთამაშია, „რუსთავში“ კი 2019 წელს გამოდიოდა.

„სამტრედიას” მეორე ახალწვეული ლუკა იმნაძეა. 22 წლის წლის თავდამსხმელი თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, „საბურთალოში”, ფოთის „კოლხეთში”, ხოლო გასულ სეზონში ის „რუსთავში” გამოდიოდა და ორი გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე „სამტრედიამ” გიორგი ილურიძე დაიმატა, რომელიც ბოლოს ბათუმის „დინამოს” რიგებში გამოდიოდა, მანამდე კი „ეთნიკოსის”, „სკა-ენერგიას”, გორის „დილას”, „ანჟის”, „ზესტაფონის”, „ერმისისა” და „ჰაიდუკის” ღირსებას იცავდა.