„სამტრედიას“ მცველის უცნაური დუბლი - ლეო ასუნპსაომ „დინამოსთვისაც“ გაიტანა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტური „დინამო არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო – „დინამო თბილისმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და ქულას დასჯერდა – 1:1.
„სამტრედიამ“ თამაში კარგად დაიწყო და მე-17 წუთზე დაწინაურება შეძლო. დავით უბილავას მოწოდებული ჯარიმის შემდეგ მცველებს სტუმართა ბრაზილიემა მცველმა ლეო ასუნპსაომ დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
ის გახდა მატჩის გმირიც და ანტიგმირიც. „დინამო თბილისი“ ანგარიშის გათანაბრება მეორე ნახვარში შეძლო და ამ გოლშიც „სამტრედიას“ მოთამაშე მონაწილეობდა. შეცვლაზე შესული საბა სამუშიას ფლანგური გადაცემის შემდეგ 71-ე წუთზე ბურთი ისევ ლეო ასუნპსაომ გაიტანა, მაგრამ ამჯერად ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა -1:1.
„დინამო თბილისი“ 23 ტურის შემდეგ 26 ქულით უჩვეულო მე-7 ადგილზეა, ხოლო „სამტრედიამ“ „დინამოს“ აკადემიის ყოფილი მწვრთნელის, ლადო კაკაშვილის ხელმძღვანელობით, ზედიზედ მეორე მატჩიც წარმატებულად ჩაატარა, მაგრამ 15 ქულით ისევ ბოლო, 10 პოზიციაზეა.