„სამტრედიას“ ლეგიონერი საავადმყოფოში გადაიყვანეს - ჩამბა გუნდს შემდეგ ტურში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
„სამტრედიას“ მოთამაშე სირილ ჩამბა საავადმყოფოშია და გუნდს ეროვნული ლიგის შემდეგ ტურში ვერ დაეხმარება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„გუშინ, ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩში, მძიმე შეჯახების შემდეგ, ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა სირილ ჩამბამ ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად, ჩამბას მდგომარეობა სტაბილურია და რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს. ის გუნდს მომდევნო მატჩში ვერ დაეხმარება“, – წერია „სამტერდიას“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ უმასპინძლა და დამარცხდა – 1:0. პირველი ტაიმის ბოლო ჩამბა მეკარესთან შეჯახების გამო დაშავდა, მაგრამ ექიმების ჩარევის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და თამაში განაგრძო.
თუმცა, მეორე ნახევარი 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან „სამტრედიას“ თავდამსხმელი შესვენებაზე ცუდად გახდა და სტადიონიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.