„სამტრედიას“ დირექტორი - ორი ლეგიონერი წავიდა, უცხოელების ჩამოყვანა გართულდა
საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა განაცხადა, რომ გუნდი ორმა ლეგიონერმა დატოვა და ზოგადად, უცხოელების ჩამოყვანა პანდემიის შემდეგ გართულებულია.
„გუნდი ოთხმა მოთამაშემ დატოვა – დათო საჯაიას და ზურაბ ღირდალაძის ამბავი ცნობილია. სიახლეა, რომ, სამწუხაროდ, „სამტრედიაში“ აღარც უკრაინელი მიჰაილო შიშკა და მაკედონიელი სტრაჰანია კრსტევსკი ითამაშებენ“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მიხეილ ხუციშვილი.
საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ მმართველი დირექტორის თქმით, ლეგიონერებების ჩამოუსვლელობის მიზეზები სხვადასხვაა:
„კრსტევსკის ტრანფერი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ეკუთვნის, სერბებმა ის იჯარით დაგვითმეს, მაგრამ კონტრაქტის ვადა დაუსრულდა და გუნდმა დაიბრუნა. შიშკა კი ისედაც გვიან დავიმატეთ, ფაქტობრივად ვერც დაგვეხმარა და პანდემიის დროს უკრაინაში წავიდა“.
ხუციშვილმა იმ სირთულეებზე ილაპარაკა, რაც სატრანსფერო საკითხებში პანდემიის შემდეგ წარმოიქმნა: „ახლა ლეგიონერების დამატება ძალიან გართულდა. თავდამსხმელის პოზიციაზე მოთამაშე გვინდა, მაგრამ უცხოელს ფიზიკურად ვერ ვიმატებთ. ზუსტად იგივე ვარიანტია, რაც შიშკას შემთხვევაში. მის ჩამოსვალს კი აზრი აღარ ჰქონდა. ორ კვირას კარანტინში გაატარებდა, მერე ფორმის აღსადგენად სამი კვირა მაინც დასჭირდებოდა და გამოდიოდა, რომ აგვისტომდე ვერ დაგვეხმარებოდა“.