„სამტრედიამ“ „ტორპედო“ დაამარცხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედო“ 2:1 დამაარცხა და უძლიერესთა შორის დასარჩენად სერიოზული განაცხადი გააკეთა.
59-ე წუთზე ფელიპე პირესმა შეტევა წამოიწყო და ბურთი საჯარიმოში ცოტნე ფაცაციას გადააწოდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ქუთაისელები წინ გაიყვანა. „ტორპედომ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და თამაში მაინც დათმო.
ლადო კაკაშვილის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ თამაშის ხარისხი გააუმჯობესა და ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. 68-ე წუთზე მასპინძელთა ეფექტური შეტევა ესპანელმა თავდამსხმელმა ინიგო მარტინმა დააგვირგვინა და წონასწორობა აღადგინა. 90+6-ე წუთზე კი მარცხენა ფლანგზე ჟოზეფ ამოაკოს განვითარებული შეტევა როინ ოდიშელიძემ თავური დარტყმით დააგვირგვინა და მასპინძლებს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.
28 ტურის შემდეგ „სამტრედიამ“ 25 ქულა დააგროვა, „თელავს“ (24) გადაასწრო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. ქუთაისის „ტორპედო“ (57) კი, წაგების მიუხედავად, კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა, თბილისის „იბერიასთან“ სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა.
მომდევნო ტურში, 20 ოქტომბერს, „ტორპედო“ თბილისში „იბერიას“ დაუპირისპირდება.