„სამტრედიამ“ სეზონის განახლებამდე ცხრა ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე „სამტრედიის“ შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა – გუნდმა ერთდროულად ცხრა ფეხბურთელი დაიმატა.
გუნდში ქუთაისის „ტორპედოდან“ ოთხი ფეხბურთელი გადავიდა – მეკარე ავთანდილ ლაბაძე, ახალგაზრდა მცველი ჯუბა დვალიშვილი და ორი თავდამსხმელი – შემტევი ფელაი სანდეი და თორნიკე ახვლედიანი. ეს უკანასნელი „ტორპედოდან“ იჯარით გადავიდა.
თავისუფალი აგენტის სტატუსით „სამტრედიას“ 24 წლის მარჯვენა მცველი ილია ახვლედიანი შეუერთდა, რომელიც გასულ სეზონში „სამგურალში“ თამაშობდა, წელს კი უგუნდოდ იყო. გუნდში კარიერას გააგრძელებს „გაგრის“ ნახევარმცველი როინ ოდიშელიძე, რომელიც ტრავმირებულია და გუნდთან ერთად ვარჯიშს მალე განაახლებს. ახალწვეულებში კიდევ ერთი ნახევარმცველია – სერბი ნახევარმცველი სტრაჰინია პავიშიჩი, რომელიც „სამტრედიაში“ ორი წლის შემდეგ დაბრუნდა.
„სამტრედია“ შეტევის გაძლიერების იმედს ორ ლეგიონერს უკავშირებს: მალელი ფეხბურთელი თანდინა მაჰარაფა, რომელიც მარჯვენა ფლანგის შემტევია, „სამტრედიაში“ კოსოვოს „ლირიადან“ გადავიდა; მასთან ერთად, ჩრდილოეთ მაკედონიის „ტიკვესიდან“ დაიმატეს 24 წლის ალექსანდარ მიშოვი, რომლისთვისაც „სამტრედია“ პირველი უცხოური კლუბია.