„სამტრედიამ“ გასვლაზე ჩემპიონი დაამარცხა - ელიგის აუტსაიდერებში ვითარება დაიძაბა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მესამე წრის ბოლო დაპირისპირება ბათუმში გაიმართა, სადაც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:2 დამარცხდა.
„ბათუმი არენაზე“ ბალახის საფარის რეაბილიტაციის გამო, შეხვედრა ფეხბურთის ფედერაცის ბათუმის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა და მიმდინარეობდა წვიმის ფონზე, რომელიც შესვენებამდე კიდევ უფრო გაძლიერდა და თამაშს დაღი დაასვა.
ანგარიში მე-6 წუთზე ბათუმის „დინამოს“ ანგოლელმა თავდამსხმელმა მარიო ბალბურდიამ გახსნა, რომელმაც ქართულ კლუბში გადასვლის შემდეგ თავი მეორედ გამოიჩინა – საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა შესვენებამდე მინიმალური უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.
„სამტრედიამ“ მასპინძლების კარი პირველ ტაიმშიც აიღო, როდესაც ვიდეორეფერიმ შემტევზე თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა. შესვენების შემდეგ ლადო კაკაშვილის გუნდმა მიზანს მაინც მიაღწია – ბათუმელთა კარი 50-ე წუთზე ინიგო მარტინიმ აიღო.
მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და 77-ე წუთზე განვითარებული სწრაფი და ეფექტური შეტევაც გოლით დაასრულეს – გიორგი ქველაძის ფლანგური გადაცემით ფრანსუა ეკონგოლო ნკუმბამ ისარგებლა და ზუსტი დარტყმით „სამტრედიას“ გამარჯვება მოუტანა.
წაგებასთან ერთად, ბათუმელებს შემადგენლობაშიც დანაკლისი აქვთ – შემდეგ ტურებს ონორე გომისი გამოტოვებს, რომელიც 90+12-ე წუთზე მეტოქესთან უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.
ეროვნული ლიგის მესამე წრე ბათუმის „დინამომ“ აშკარად ჩააგდო, 9 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (5 – ფრე, 3- წაგება), 39 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა და სამეულს უკვე 13 ქულით ჩამორჩება.
„სამტრედია“ (20) ისევ ბოლო, მე-10 პოზიციაზეა, მაგრამ „თელავთან“ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა და გასავარდნთა ზონაში ვითარება ძალიან დაძაბა.