ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, თბილისში, „ილია კოკაია არენაზე“ „გაგრამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
აუტსაიდერთა დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულად წარიმართა. სამტერდიელებმა პირველი ტაიმის ბოლო ნაწილი უკეთ ჩაატარეს და საგოლე მომენტებიც შექმნეს, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
სტუმრებმა მიზანს მეორე ტაიმში მაინც მიაღწიეს. 57-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ კარის წინ მეტიუ ოლატუნჯი გაიხსნა, „გაგრას“ კარი აიღო და, როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
„გაგრა“ 17 ტურის შემდეგ 11 ქულით მეშვიდე ადგილზე დარჩა. ასევე 11 ქულა აქვს „სამტრედიას“, მაგრამ, დამატებითი მაჩვენებლის გათვალისწინებით, ერთი საფეხურით ქვევით იმყოფება.