„სამტრედიამ“ მოსამზადებელი ეტაპის პირველ ეტაპი დაასრულა და უცხოურ შეკრებაზე საკმაოდ კარგი შემადგენლობით მიემგზავრება.
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს – ამიერიდან „სამტრედიაში“ ლაშა თოთაძე ითამაშებს – 31 წლის გამოცდილი მცველი, რომელმაც კარიერაში რამდენიმე კლუბი გამოიცვალა – „გაგრა“, კიევის „დინამო“, უნგრული „დიორ ეტო“ და „ლომბარდ-პაპა“, გორის „დილა“, ბათუმის „დინამო“, ბოლნისის „სიონი“, „საბურთალო“, 2014 წლიდან კი „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა და მისი კაპიტანი გახლდათ. 2019 წელს ლაშა ირანულ „ნასაჯიში“ თამაშობდა, მერე – უზბეკურ „კიზილკუმში“.
ლაშა თოთაძე „სამტრედიას“ თურქეთში შეკრებაზე გაყვება. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდი მეორე მოსამზადებელი ეტაპის გასამართად თურქეთში 9 თებერვალს გაემგზავრება.
საინტერესოა, რომ ლაშა თოთაძე თბილისის „დინამოს“ მეორე ყოფილი კაპიტანია, რომელიც „სამტრედიაში“ გადავიდა. იანვარში გუნდში გუჯა რუხაია ჩაირიცხა, რომელიც „დინამოში“ კაპიტნად 2019 წელს სწორედ თოთაძის წასვლის შემდეგ აირჩიეს.