„სამტრედიამ“ „დინამოც“ დაამარცხა და წაუგებელი სერია რვა მატჩამდე გაზარდა #1TVSPORT
„სამტრედიამ“ ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისს“ უმასპინძლა, ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერი დამაჯერებლად დაამარცხა და წაუგებელი სერია გააგრძელა – 3:2.
მიუხედავად იმისა, რომ „ეროსი მანჯგალაძე არენის“ მოედანი წვიმისგან საკმაოდ შეილახა, თამაში სანახაობრივი გამოდგა. „სამტრედიამ“ პირველ ტაიმში მეტოქეს აჯობა. ანგარიში მეორე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ გახსნა, რომელიც მატჩის გმირი გახდა. „სამტრედია“ „დინამო თბილისს“ ამის შემდეგაც მწვავედ და სახიფათოდ უტევდა და ტაიმი 1:0 მოიგო.
„დინამომ“ მეორე ტაიმში ვითარების გამოსწორება სცადა და 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. თბილისელების მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი კარში საბა ხვადაგიანმა გააგზავნა, მეკარის წინ მდგომმა სანდრო კალანდაძემ კი მიმართულება შეუცვალა და „სამტრედიას“ კარის ბადე შეარხია.
ხუთ წუთში კონტრშეტევაზე „სამტრედია“ ალექსანდრე მიშოვმა ისევ დააწინაურა. თბილისელები ვიდეორეფერისგან თამაშგარეს დაფიქსირებას ელოდნენ, მაგრამ გოლი ჩაითვალა. მე-80 წუთზე კი ზვიად ნაჭყებიას გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა რევაზ ინჯგიამ „დინამოს“ კარი მესამედ აიღო. საბოლოო ანგარიში კი 90+6-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა ეფექტური გოლით დააფიქსირა – 3:1.
„სამტრედიამ“ საბოლოოდ 3:1 მოიგო, წაუგებელი სერია რვა მატჩამდე გაზარდა და 29 ტურის შემდეგ მოპოვებული 29 ქულით „თელავთან“ (31) ჩამორჩენა შეამცირა და მერვე ადგილზეა. ხოლო „დინამო თბილისი“ (55) მეორე პოზიციაზე დარჩა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ (62) ისევ 7 ქულით ჩამორჩება.