„სამტრედია“ ყაზახებს მიხეილ მესხის სტადიონზე 10 ივლისს უმასპინძლებს
„სამტრედია“ ყაზახებს მიხეილ მესხის სტადიონზე 10 ივლისს უმასპინძლებს

„სამტრედიას” ევროპის ლიგაზე პირველი მატჩის თარიღი შეუცვალეს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მესამეადგილოსანი 12 ივლისის ნაცვლად შეხვედრას 10 ივლისს ჩაატარებს.

ევროპის ლიგის წილისყრაზე ცნობილი გახდა, რომ საჩხერეს „ჩიხურა” და “სამტრედია“ პირველ მატჩებს 12 ივლისს შინ ჩაატარებდნენ. საჩხერელები ისრაელის „ბეითართან“, ხოლო სამტრედიელები – ყაზახებთან, კოსტანაის „ტობოლთან“.

საჩხერესა და სამტრედიას სტადიონები უეფა-ს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ და მსგავსი რანგის მატჩების სამასპინძლოდ საჭირო ლიცენზია არ გააჩნიათ, ამიტომ “ჩიხურამ” და “სამტრედიამ” საშინაო ევრომატჩების გამართვა თბილისში გადაწყვიტეს და ორივემ არენად მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი მიუთითა. პრობლემა სწორედ ამან შექმნა.

ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდის ცნობით, “ჩიხურა” 12 ივლისს ითამაშებს, ხოლო “სამტრედია”-“ტობოლის” დაპირისპირება, უეფა-სთან და მოწინააღმდეგესთან შეთანხმებით, ორი დღით ადრე, 10 ივლისს ჩატარდება.