ირაკლი რუხაძე „სამტრედიას“ ფეხბურთელია. 24 წლის შემტევი ბოლოს „თელავის“ რიგებში გამოდიოდა, – ინფორმაციას საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
რუხაძემ კარიერა „საბურთალოში“ დაიწყო, მაგრამ 2017 წელს მარტვილის „მერანში“ გადავიდა. 2018 წლიდან „თელავში“ ასპარეზობდა, რომლის ფორმითაც 88 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით კარგად 2019 წლის სეზონი ჩაატარა, როდესაც 35 მატჩში 16 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ეროვნული ლიგის მესამე ტურში „სამტრედია“ მესამედ დამარცხდა (ქობულეთის „შუქურასთან“ 0:1) და ერთადერთი გუნდია მთავარ ქართულ ლიგაში, რომელსაც ჯერ ქულაც არ მოუპოვებია. ბუნებრივია, გუნდის მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს „სამტერდიას“ გაძლიერება სურს. სხვაგავრად გუნდს ძალიან გაუჭირდება.
ახალ გუნდში ირაკლი რუხაძის დებიუტი, სავარაუდოდ, ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მატჩში შედგება – დღეს, შაბათს, 13 მარტს, „სამტრედია“ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ ესტუმრება.