"სამტრედია" საშინაო არენას მალე შეარჩევს
"სამტრედია" საშინაო არენას მალე შეარჩევს

უახლოეს პერიოდში გაირკვევა, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონის განახლებამდე, ”სამტრედია” საშინაო მატჩებს სად ჩაატარებს – ეს ამბავი პირველ არხს კლუბის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ცნობილია, რომ ”ეროსი მანჯგალაძეზე” რეკონსტრუქცია დაიწყო და სავარაუდოდ ზაფხულში დასრულდება. ამის გამო ”სამტრედია” საშინაო შეხვედრებს თბილისში ატარებდა.

მაგრამ გულშემატკივრების ინტერესის გათვალისწინებით, კლუბის ადმინისტრაციამ ”სამტრედია” დასავლეთ საქართველოში დააბრუნა – ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-6 ტურის საშინაო მატჩი (”სამტრედია”-”დილა”) 15 აპრილს ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

თუმცა, როგორც კლუბში გვითხრეს, ეს დროებითი გადაწყვეტილება იყო და საშუნაო არენის შერჩევა ისევ მიმდინარეობს. მალე გახდება ცნობილი, სამტრედიაში დაბრუნებამდე შარშანდელი ჩემპიონატის მესამეადგილოსანი შეხვედრებს რომელ ქალაქში უმასპინძლებს.