„სამტრედია“ და „ტორპედო“ დასკვნით ეტაპზე გავიდნენ - ელიგის ვირტუალური გათამაშების ფინალისტები ცნობილია
ეროვნული ლიგის ვირტუალური გათამაშების ფინალისტები გაირკვა. საქართველოს ფეხბურთის და კიბერფეხბურთის ფედერაციების მიერ ორგანიზებულ ტურნირზე ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ უპირატესობა „საბურთალოს“ და „ტორპედოს“ წარმომადგენლებს ჰქონდათ, მაგრამ განმეორებითმა შეხვედრამ ვითარება შეცვალა.
სანდრო ალთუნაშვილმა (საბურთალო) ზურაბ ღირდალაძეს (სამტრედია) პირველი შეხვედრა მინიმალური ანგარიშით სძლია – 1:0, მაგრამ განმეორებითში 0:2 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:2) და ფინალში „სამტრედიას“ წარმომადგენელი გავიდა.
მეორე ნახევარფინალში მოულოდნელობა არ მომხდარა: ტურნირის უდავოდ გამორჩეულმა მოთამაშემ, გიორგი ფანცულაიამ (ტორპედო) ასევე ერთ-ერთი ფავორიტი – ირაკლი რუხაძე (თელავი) ჯერ ანგარიშით 3:0 დაამარცხა, განმეორებით დაპირისპირებაში კი ანგარიშით 3:2 (ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 6:2 მოიგო) და ფინალში გავიდა.
ზურაბ ღირდალაძისა (სამტრედია) და გიორგი ფანცულაიას (ტორპედო) იმერული ვირტუალური ფინალი 6 მაისს გაიმართება. ეროვნული ლიგის ვირტუალური გათამაშების გადამწყვეტი მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.