სამმატჩიანი შესვენების შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიოს“ დაუბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
სამმატჩიანი შესვენების შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი მოედანს დაუბრუნდა. მან ბოლო მატჩი ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა „საკრამენტიოსთან“ დავინახეთ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის, სანდრო კარგ ფორმაშია და „სან ანტონიოსთვის“ დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
იგი მოედანზე „სან ანტონიო“-„საკრამენტოს“ მატჩის მეორე პერიოდში გამოვიდა. ბურთთან პირველივე შეხებით შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, საბოლოოდ კი 12 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. საოცარი იყო მისი +|- მაჩვენებელი: როდესაც ის მოედანზე იყო, „სან ანტონიო“ 21 ქულით სჯობნიდა „საკრამენტოს“. ცხადია, ეს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმაც შენიშნა, მაგრამ ვლადიმერ სტეფანიას სიტყვებს მოვიშველიებთ – ამერიკაში კალათბურთი ბიზნესია, ამა თუ იმ კალათბურთელის თამაში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
სანანტონიოელთა შემთხვევაში მოგებაზე მნიშვნელოვანი დრაფტის პირველი ნომრის ვიქტორ ვემბანიამას გამოზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ პლუს-მინუსის გრაფაში მას -31 ეწერა, მწვრთნელმა მაინც 30 წუთი ათამაშა. თუმცა ქულები უხვად ჰქონდა – 27.
მესამე პერიოდის ბოლო წამს მატჩის გამორჩეული მომენტი ვიხილეთ: დრო იწურებოდა, „სან ანტონიოს“ შესატევად 4 წამი ჰქონდა, ტეხასელები უსწრაფესად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და სირენასთან ერთად ეფექტური ორქულიანი ჩააგდეს. ეს სანდრო მამუკელაშვილმა გააკეთა.
ამ ტყორცნით „სპურსმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც „საკრამენტოს“ დარჩა – 129:120.
„სან ანტონიომ“ ზედიზედ მეექვსედ წააგო მიმდინარე სეზონში.
თორმეტიდან მეშვიდე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდომ“. ფლორიდელებმა სტუმრად „ჩიკაგოს“ აჯობეს – 103:97.
გოგას მწვრთნელმა 21 წუთი მისცა, რა დროშიც მან 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
34 ქულით მატჩის ბომბარდირი ჩიკაგოელი ზაკ ლავინი გახდა.