სფფ-ის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის სამსახურმა აღმასკომს კლუბების ლიცენზირების შესახებ ანგარიში წარუდგინა და ცნობილი გახდა, რომ სამმა კლუბმა ლიცენზირება ვერ გაიარა.
2023 წლის ეროვნული ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, ქალთა ლიგა 1-ისა და ქალთა ლიგა 2-ის კლუბები/გუნდები.
სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, პრო საკლუბო ლიცენზია მიიღო 15-მა კლუბმა, „ა“ ლიცენზია – 18-მა, „ბ“ – 7-მა კლუბმა. რაც შეეხება ქალთა საკლუბო ლიცენზიას, ათივე კლუბმა ეს პროცესი გაიარა.
ლიგა 3-ში ასპარეზობისთვის საჭირო „ბ“ საკლუბო ლიცენზია ვერ მიიღო ზუგდიდის „დინამომ“, „შევარდენი 1906“-მა და „თბილისი სითიმ“. სფფ-ს პრესსამსახურის ცნობით, ზუგდიდის „დინამომ“ ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში სფფ-ის კლუბების სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრა, თუმცა ლიცენზირების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში თანხის გადაუხდელობის გამო, აპელაციის ორგანომ საჩივარი არ განიხილა.
„ლიცენზირების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში კლუბს არ მიუმართავს სფფ-ის წესდებით განსაზღვრული არბიტრაჟისთვის და ძალაში დარჩა ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება. ასევე „შევარდენი 1906-ს“, „თბილისი სითის“, აღნიშნულ კლუბებს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ“, – წერია სფფ-ს განცახდებაში.