სამხრეთამერიკულ ტურნეზე „შავი ლომი“ დაძაბულ ბრძოლაში არგენტინულ კლუბთან დამარცხდა #1TVSPORT
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ განაგრძობს სამხრეთამერიკულ ტურნეს. მონტევიდეოში ჩატარებული ორი წარმატებული ტესტმატჩის შემდეგ („დოგოს XV“ 75:19, „სელკნამი“ 33:30) გუნდმა არგენტინაში გადაინაცვლა და ბუენოს აირესში არგენტინულ „პამპასს“ შეხვდა.
„შავი ლომი“-„პამპასი“ (არგენტინა) 21:24
ლელო: მამუკაშვილი, მატკავა, კახოიძე.
გარდასახვა: მატკავა (3).
მესამე წუთზე „პამპასმა“ სწრაფი ლელოს გატანა მოახერხა და დაწინაურდა. „შავმა ლომმა“ თამაში აქტიურად განაგრძო და დიდი ძალებით წავიდა შეტევაში, რასაც შედეგიც მალე მოჰყვა – შალვა მამუკაშვილმა მოახერხა ლელოს გატანა, რომელიც ლუკა მატკავამ შედეგიანად გარდასახა და ქართველები დაწინაურდნენ – 7:5.
ტაიმის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე არგენტინელებმა მოედნის ცენტრთან ახლოს ჯარიმის უფლება მოიპოვეს, კარშიც ზუსტად დაარტყეს და კიდევ ერთხელ გავიდნენ წინ, თუმცა ცოტა ხნით – ორიოდ წუთში ქართველების სწრაფი შეტევა ლუკა მატკავამ შესანიშნავი ლელოთი დაასრულა და თავადვე გარდასახა – პირველი ტაიმი „შავმა ლომმა“ 14:8 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინელებმა ორი ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს. ქართველები თორნიკე კახოიძემ დააწინაურა, გარდასახვისას კვალავ ზუსტი იყო ლუკა მატკავა და „შავი ლომი“ ისევ დაწინაურდა, თუმცა უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა – „პამპასმა“ კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშის გათანაბრება – 21:21.
შეხვედრის ბოლო ათწუთეულში „პამპასმა“ თამაშის ტემპს მოუმატა და მატჩის მიწურულს ზუსტი ჯარიმის შემდეგ 24:21 დაწინაურდა.
დარჩენილ დროში, „შავი ლომის“ მცდელობების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და სამხრეთამერიკულ ტურნეზე ქართულმა გუნდმა პირველი მატჩი წააგო 21:24.
„პამპასთან“ თამაშის შემდეგ „შავი ლომი“ კვლავ მონტევიდეოში დაბრუნდება და ტურნეს დარჩენილ ორ მატჩს ჩაატარებს:
29 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“
01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „სუდამერიკა რაგბი XV“
6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა“
22:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)
ფოტოები რაგბის კავშირის ფეისბუკის გვერდიდან