სამხრეთამერიკულ ტურნეში „შავი ლომის“ თამაშების დაწყების დრო ცნობილია #1TVSPORT
სამხრეთამერიკულ ტურნეში „შავი ლომის“ თამაშების დაწყების დრო ცნობილია #1TVSPORT

პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ რამდენიმე დღეა, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში დაბინავდა. გუნდი სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში ამერიკის სუპერლიგის მონაწილეებთან, კონკურსგარეშე, ხუთ თამაშს გამართავს. აქამდე მხოლოდ თამაშის ჩატარების თარიღები იყო ცნობილი, ახლა კი მათი დაწყების დროც დაზუსტდა.

„შავი ლომი“ პირველ თამაშს 8 აპრილს მონტევიდეოში, სტადიონ „შარუაზე“ არგენტინული „დოგოს XV“-ის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც ექვსი თამაშიდან ხუთი მოგებით (26 ქულა) მიმდინარე გათამაშებაში პირველ ადგილზეა. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

14 აპრილს „შავი ლომი“ იმავე სტადიონზე ჩილეს „სელკნემს“ (6 თამაშიდან ორი მოგება, 11 ქულა და მე-5 ადგილი) ჩვენი დროით ასევე 22:00 საათზე ეთამაშება .

ამის შემდეგ გუნდი არგენტინაში გადაინაცვლებს და ადგილობრივ „პამპასს“ (6 თამაშიდან 4 მოგება, 17 ქულა და მე-3 ადგილი) ბუენოს აირესში, „კასა პუმასზე“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 22 აპრილს, საქართველოს დროით ნაშუაღამევს, 01:00 საათზე დაიწყება.

მონტევიდეოში დაბრუნების შემდეგ, „შავი ლომი“ „სუდამერიკანა რაგბი XV“-ს 29 აპრილს, საქართველოს დროით ასევე ნაშუაღამევს, 01:00 საათზე შეხვდება.

ტურნეს ფარგლებში დასკვნით თამაშს „შავი ლომი“ 6 მაისს მასპინძელთან, ამერიკის სუპერლიგის 2022 წლის გათამაშების გამარჯვებულ „პენაროლთან“ გამართავს.

ურუგვაელებს ექვსი თამაშიდან ასევე ხუთი მოგება აქვთ, მეორე ადგილზე არიან და ერთი ქულით ჩამორჩებიან ლიდერს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

„შავი ლომის“ განრიგი სამხრეთამერიკულ ტურნეში (მითითებულია თბილისის დრო):

8 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“, – 22:00

22:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „დოგოს XV“ (არგენტინა)

14 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“

22:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „სელკნემი“ (ჩილე)

22 აპრილი | ბუენოს აირესი. „კასა პუმასი“

01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)

29 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“

01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „სუდამერიკა რაგბი XV“

6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა“

22:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)