სამხრეთ კორეის ქალაქი ჩანგვონი დღეიდან სროლის სახეობებში მსოფლიოს 52-ე ჩემპიონატის მასპინძელია
მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველთაგან სტარტს ტყვიის მსროლელები აიღებენ. ამ სახეობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე და ცოტნე მაჭავარიანი იასპარეზებენ, ხოლო ახალგაზრდებში ლიზი კილაძე, ნინო ხუციბერიძე და აკაკი მოსულიშვილი გამოვლენ.
ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ათდღიანი შეკრება ჩანგვონში გაიარა.
სასტენდო სროლაში საქართველოს წარმომადგენლები მხოლოდ მრგვალ სტენდზე გამოვლენ. ვაჟებში დავით ქვათაძე, თენგიზ იმნაიშვილი და ვლადიმერ ნარჩემაშვილი, გოგონებში კი მხოლოდ ნატალია პანასი ისვრიან. ახალგაზრდებში მონაწილე არ გვეყოლება. პანასი კორეაში მოსკოვიდან გადაფრინდება, ვაჟები კი 5 სექტემბერს გაემგზავრებიან, რადგან მრგვალ სტენდზე შეჯიბრებები 9 სექტემბრიდან იწყება.
მსოფლიოს ჩემპიონატი პირველი ტურნირია, სადაც პირდაპირ გაიცემა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საგზურები – ყველა სახეობაში 4-4 ლიცენზია გათამაშდება.
ჩვენგან ჩემპიონატში პირველები დედა-შვილი – ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი ჩაებმებიან, რომლებიც
2 სექტემბერსვე დადგებიან სტარტზე და შერეულ წყვილთა ტურნირში იასპარეზებენ.