სამხრეთ კორეაში „გეონგნამმა“ ბაჩანა არაბულის ჰეთთრიკით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ბაჩანა არაბულმა სამხრეთ კორეაში ჰეთთრიკი შეასრულა და მთავარი როლი ითამაშა „გეონგნამის“ გამარჯვებაში, რომელმაც სტუმრად „ჩონამს“ 3:1 სძლია.

მე-10 ტურის შეხვედრაში „გეონგნამის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ არაბული იყო, ზურაბ მუსელიანი კი მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა – ორივე ქართველმა ფეხბურთელმა  ყვითელი ბარათი მიიღო.

არაბულმა ანგარიში 34-ე წუთზე სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე მოპოვებული პენალტი უნაკლოდ შეასრულა და თავისი გუნდი ორი ბურთით დააწინაურა. „ჩონამმა“ გაიბრძოლა და ჰა მანის გოლით სხვაობა შეამცირა.

მესამე გოლი არაბულმა 71-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბაჩანას მეოთხედაც შეეძლო „ჩონამის“ კარის აღება, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

კორეის K ლიგა 2-ში გამართული 10 ტურის შემდეგ „გეონგნამი“ 12 ქულით ხუთეულში დაწინაურდა, რაც გუნდს K ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის საშუალებას მისცემს. ბაჩანა არაბულმა კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ექვს მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.