სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარულ სანაკრებო ტურნირში ორი აზიური გუნდი მიიღებს მონაწილეობას
სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარულ სანაკრებო ტურნირში ორი აზიური გუნდი მიიღებს მონაწილეობას

მიმდინარე წელს, 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით, სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარულ სანაკრებო ტურნირს, კოპა ამერიკას, ბრაზილია უმასპინძლებს.

წლევანდელ გათამაშებაში, კონმებოლის წევრი 10 სამხრეთამერიკული ნაკრების გარდა, ასევე ითამაშებენ იაპონიისა და ყატარის ეროვნული გუნდები.

გუშინ, 23 იანვარს, ცნობილი გახდა კენჭისყრის დეტალები და გუნდებიც შესაბამის კალათებში განაწილდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ორი ტურნირი ჩილეს ნაკრებმა მოიგო, ეს გუნდი პირველ კალათში მაინც ვერ მოხვდა. უძლიერესებს შორის არიან ბრაზილია, ურუგვაი და არგენტინა. მეორე კალათში განაწილდნენ კოლუმბია, ჩილე და პერუ, მესამეში – ვენესუელა, პარაგვაი და იაპონია, ხოლო მეოთხეში – ეკვადორი, ბოლივია და ყატარი.

კენჭისყრა თბილისის დროით 25 იანვარს, დილის 6 საათზე დაიწყება, თავად ტურნირს კი ზაფხულში ბრაზილიის ხუთი ქალაქი უმასპინძლებს – რიო დე ჟანეირო, სან პაულუ, ბელუ ორიზონტე, პორტუ ალეგრი და სალვადორი.