სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მარტის თამაშები გადაიდო #1TVSPORT
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მარტის თამაშები გადაიდო #1TVSPORT

სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ (CONMEBOL) მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მარტის თამაშების გადადების შესახებ გამოაცხადა.

საკვალიფიკაციოს ორი ტური, რომელიც 25 და 30 მარტს იყო დაგეგმილი, დათქმულ ვადებში არ გაიმართება. CONMEBOL-მა ეს გადაწყვეტილება ევროპული კლუბების ზემოქმედების შემდეგ მიიღო, რომლებიც უარს აცხადებდნენ სამხრეთამერიკულ ნაკრებებში თავიანთი ფეხბურთელების გაშვებაზე, რადგან უკან დაბრუნების შემდეგ, მათ კარანტინში ყოფნა მოუწევდათ.

ფიფა CONMEBOL-ს სთავაზობდა შესარჩევი მატჩების ევროპაში, ნეიტრალურ მოედნებზე გამართვას, მაგრამ სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციას ეს ვარიანტი ხელს არ აძლევდა.

უნდა აღინიშნოს, რომ შესარჩევი ტურნირი სამხრეთ ამერიკაში ისედაც ჩამორჩენილი იყო გრაფიკს კორონავირუსის პანდემიის გამო – ჯამში ოთხი ტურია გამოტოვებული. ამასთან, ზაფხულში კონტინენტზე 2020 წლიდან გადატანილი „კოპა ამერიკაც“ უნდა გაიმართოს.