გასული უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. ჩვენმა ლეგიონერებმა ევროპის სტადიონებზე 9 გოლი გაიტანეს, სამი მათგანი კი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
პოლონური ექსტრაკლასას 28–ე ტურში “პოგონმა” გასვლაზე “ტერმალიცა” 4:2 დაამარცხა, სტუმართა მცველმა ლაშა დვალმა კი დუბლი შეასრულა. კელჩეს “კორონამ” “გურნიკთან” 2:2 საშინაო დაპირისპირება დაასრულა. მასპინძელთა თავდამსხმელმა, ნიკა კაჭარავამ მეტოქის კარი მეორედ აიღო. შედეგად, ორივე ქართველი ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ასევე ტურის სიმბოლურში მოხვდა საბა ლობჟანიძე. დანიური სუპერლიგის 26–ე ტურის მატჩში “რანდერსმა” “ოდენსეს” უმასპინძლა და 4:1 სძლია. ერთთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ”რანდერსში” დაბრუნებულმა ლობჟანიძემ პირველივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა. საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მესამე საგოლე შეტევა განავითარა, ხოლო მეოთხე გოლი თავად გაიტანა. შედეგად საბა სუპერლიგის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.