სამი ქართველის ლელოები საფრანგეთში - სარაგბო ლეგიონის ამბები [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის რანგით მეორე სარაგბო ლიგაში (PRO D2) 27-ე ტურის მატჩები გამართა, რომელშიც სამმა ქართველმა – მირიან ბურდულმა, მიხეილ ალანიამ და გიორგი გოგოლაძემ ლელოებით გამოიჩინეს თავი.

ტურის პირველ მატჩში 6 აპრილს „ნევერმა“ „კოლომიეს“ უმასპინძლა და 43:10 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ილია კაიკაციშვილი, რომელმაც გასულ ტურში ლელოთი გამოიჩინა თავი. კაიკაციშვილმა ამჯერად 44 წუთი ითამაშა და შეცვალეს. „ნევერი“ 71 ქულით მე-5 ადგილზეა, „კოლომიეს“ 63 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.

ქართველი ლეგიონერებისთვის ყველაზე შედეგიანი „ორიაკისა“ და „ოიონაქსის“ შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ორი ქართული ლელო დაიდო. „ორიაკმა“ მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 27:25 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერებმა შეიტანეს – მატჩის პირველი ლელო მიხეილ ალანიამ გაიტანა, რამდენიმე წუთში თავი გიორგი გოგოლაძემაც გამოიჩინა. მასპიძნელთა რიგებში, ალანიასა და გოგოლაძის გარდა, ძირითადში იყო გიორგი ქართველიშვილი. სტუმართაგან სასტარტოში დაიწყო თამაში ირაკლი მირცხულავამ, რომელიც 48-ე წუთზე შეცვალეს. 27 ტურის შემდეგ „ოიონაქსი“ 97 ქულით პირველ ადგილზეა, „ორიაკი“ 60 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.

კიდევ ერთი ქართული ლელო დაიდო „მონტობანისა“ და „რუანის“ შეხვედრაში. მასპინძლებმა მეტოქე 38:16 დაამარცხეს. მე-12 წუთზე ლელოთი თავი მირიან ბურდულმა გამოიჩინა, რომელიც მე-40 წუთზე არბიტრმა 10 წუთით სინბინში გაუშვა, ხოლო მე-60 წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში ძირითადში იყო ოთარ გიორგაძე, რომელმაც 47 წუთი ითამაშა. „მონტობანს“ 50 ქულა აქვს და მე-12 ადგილს იკავებს, მას ერთი ქულით ჩამორჩება „რუანი“, რომელიც მე-13 ადგილზეა.

„აჟენი“ „კარკასონის“ შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა 30:19. „კარკასონის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში სოსო ბეკოშვილმა, რომელიც 46-ე წუთზე ვახტანგ ახობაძემ შეცვალა. 46-ე წუთზე მოედანზე სტუმართა რიგებში კიდევ ერთი ქართველი – ლუკა პეტრიაშვილი შევიდა. „აჟენი“ 71 ქულით მე-6 ადგილზეა, „კარკასონს“ 46 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილს იკავებს.

„ბიარიცისა“ და „ბეზიეს“ (17:42) დაპირისპირებაში მასპინძელთა რიგებში 64-ე წუთზე მოედანზე ლუკა აზარიაშვილი გამოჩნდა, ხოლო შეხვედრის დასრულებემდე ექვსი წუთით ადრე – ლუკა ჭელიძე. სტუმართა შორის ასევე შეცვლაზე ითამაშა გიორგი ახალაძემ, ის თამაშში 49-ე წუთიდან ჩერთო. „ბიარიცი“ 60 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, „ბეზიე“ მას ერთი ქულით ჩამორჩება და მე-11 ადგილზეა.

მეშვიდეადგილოსანი „პროვანსისა“ (64 ქულა) და აუტსაიდერ „მასის“ (40:28) შეხვედრაში სტუმართა რიგებში 46-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში უშანგი ჭეიშვილი. „მასი“ 29 ქულით ბოლო ადგილზეა.

„ვანისა“ და „ანგულემის“ (33:21) მატჩში სტუმართა რიგებში ძირითადში იყო ომარ ოდიშვილი, ის 26-ე წუთზე შოთა გოგისვანიძემ შეცვალა. „ვანი“ 72 ქულით მეოთხეა, „ანგულემი“ კი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, 47 ქულით მე-14 ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ „კარკასონს“.

„გრენობლმა“ საკუთარ მოედანზე „მონ-დე-მარსანი“ 33:21 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში სასტრატოში იყვნენ ლუკა გოგინავა და ირაკლი აფციაური, ორივე ჩვენებური 53-ე წუთზე შეცვალეს. „გრენბლი“ 79 ქულით მეორე ადგილზეა, მას ექვსი ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსანი „მონ-დე-მარსანი“ (73).

PRO D2-ის მომდევნო ტურის მატჩები 14 აპრილს გაიმართება.