სამი დღე პოლიციის განყოფილებაში - არველაძემ ნიდერლანდებში დაკავება გაიხსენა
შოთა არველაძემ „მატჩ-ტვ“-სთან ინტერვიუში მისი კარიერიდან ყველაზე მძიმე პერიოდი გაიხსენა, როდესაც ნიდერლანდების პოლიციაში სამი დღე გაატარა.
„საგადასახადო საჩივრის გამო დამაპატიმრეს. რა თქმა უნდა, დაკითხვები სტრესია. პოლიციის განყოფილებაში სამი დღე გავატარე. თავიდან დამკითხეს ინგლისურად, შემდეგ რუსი თარჯიმანის დახმარებიით. რთული შეკითხვები რომ დაიწყეს, ქართველი თარჯიმანი მოვითხოვე, თუ არადა, გამიშვით-მეთქი. მართლაც მოძებნეს და ვთხოვე, დაურეკე ჩემს ახლობლებს, რომ არ ინერვიულონ-მეთქი და უარი მითხრა, უფლება არ მაქვსო“ – ამბობს შოთა არველაძე.
მისი თქმით, კარგი ადვოკატი იცავდა: „დავიქირავე ლეო სპიხტა – ძალიან მაგარი კაცი. გრძელი ამერიკული მანქანით დადიოდა. მან სწრაფად გამანთავისუფლა და შემეშვნენ. მერეც იყო უსიამოვნო საქმე, როდესაც „აიაქსთან“ მრავალი წლის განმავლობაში ფინანსური დავა მქონდა“.
შოთა არველაძის თქმით, კო ადრიანსეს მწვრთნელობის პერიოდში გუნდთან პრობლემები შეექმნა: „მას ჩემი თამაში აუკრძალეს, სანამ ხელშეკრულებას არ განვაახლებდით. გუნდის ლიდერი ვიყავი და „სელტასთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშისთვის ვემზადებოდით. „რომასთან“ და „ლივერპულთან“ ამხანაგურ მატჩებში კო ადრიანსემ მხოლოდ ბოლოს მათამაშა. ორივეჯერ გავიტანე, მაგრამ მივხვდი, რაღაც კარგად არ იყო. შემდეგ ადრიანსემ სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა ყველაფერი. მალე „რეინჯერსში“ გამყიდეს“.