„სამგურალს“ „გაგრასთან“ მატჩისთვის აშვეთია და ნერგაძე ავარჯიშებენ #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნული ლიგის მეოთხე წრის პირველი მატჩისთვის ემზადება. გუნდი 28-ე ტურში „გაგრას“ მწვრთნელთა ახალი დუეტით დაუპირისპირდება.
ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „სამგურალი“ „სამტრედიასთან“ 0:3 დამარცხდა. ამ შეხვედრის შემდეგ გიორგი ჭელიძემ წყალტუბოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. კლუბსა და მწვრთნელს შორის ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
წყალტუბოელები „გაგრასთან“ მატჩისთვის მიხეილ აშვეთიასა და გიორგი ნერგაძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, „სამგურალის“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ეროვნული ლიგის 28-ე ტურის შეხვედრა „სამგურალსა“ და „გაგრას“ შორის 2 ოქტომბერს ზესტაფონში გაიმართება. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მატჩი 1️5:30 საათზე დაიწყება.