ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „სამგურალი“ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის არენაზე შეიკრიბა და ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო.
წლევანდელი წლის პირველ ვარჯიშზე უჩა სოსიაშვილის განკარგულებაში უსუფ ტურეს გარდა გუნდის ყველა ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება კოტდივუარელ ლეგიონერს, ის სამშობლოში იმყოფება და „სამგურალს“ უახლოეს დღეებში შემოუერთდება.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე გუნდს ხუთი ახალწვეული ჰყავს: მეკარე მაქსიმე ქვილითაია, საყრდენი ნახევარმცველი ლუქმან გილმორი, შემტევი ნახევარმცველები დავით კირკიტაძე და ირაკლი ლექვთაძე და თავდამსხმელი გიორგი ბუხაიძე.
„სამგურალის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, გუნდის დაკომპლექტების პროცესი გაგრძელდება და „სამგურალი“ სხვა პოზიციებზეც გაძლიერდება. ჯერჯერობით უცნობია, გუნდი სეზონისთვის სად მოემზადება.