„სამგურალმა“ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა - „ცხინვალმა“ აუტსაიდერებში ვითარება დაძაბა [ვიდეო]
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 2-ში 35-ე ტურის შეხვედრები დაიწყო. ფინიშამდე 2 ტურით ადრე, მდგომარეობა განსაკუთრებით აუტსაიდერთა ზონაში დაიძაბა.
„ნორჩი დინამო“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ შეხვდა და 2:2 ითამაშა. მასპინძელთა გოლებს (გიორგი კახელიშვილი – 13, ზურაბ არზიანი – 82), სტუმრებმა ანტონ თოლორდავას დუბლით (51, 58) უპასუხეს. მაგრამ „თელავმა“ პლეი-აუტში მონაწილეობის უფლება დაკარგა.
„ცხინვალმა“ მარტვილის „მერანი” 2:0 დაამარცხა. თავი გამოიჩინეს ჩუკა ოგბუმ (45) და ლუკა ვარძელაშვილმა (90+3). ამ გამარჯვებით „ცხინვალმა“ ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი ბოლო ტურამდე შეინარჩუნა.
ერთ-ერთმა აუტსაიდერმა წყალტუბოს „სამგურალმა“ მეორე ადგილზე მყოფ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და მსაჯის საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 88-ე წუთზე მეტოქის კარი წყალტუბოელმა ლაშა ჩიხლაძემ აიღო. დარჩენილ წუთებში მან თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინა, ოღონდ – უარყოფითად. 89-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ერთ წუთში – მეორეც და მოედნიდან გააძევეს. „სამგურალმა“ კი 1:0 მოიგო და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
დარჩენილი ორი მატჩი 3 დეკემბერს გაიმართება: „შევარდენი 1906“ „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს, რომელსაც ლიგაში დასარჩენად მოგება ჰაერივით ესაჭიროება. ეროვნულ ლიგაში გადასული ბათუმის „დინამო“ კი ანგისას ბაზაზე მესამე ადგილზე მყოფ „გაგრას“ მიიღებს, რომელიც მოგების შემთხვევაში პლეი-აუტში თამაშს გაინაღდებს.