ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა წყალტუბოს „სამგურალმა“ მორიგი სატრანსფერო სიახლეები გაასაჯაროვა. გუნდის ხელმძღვანელობამ კონტრაქტი კიდევ ხუთ წამყვან ფეხბურთელთან გაახანგრძლივა, – ინფორმაციას „სამგურალის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„მომავალ სეზონში ლევან ქურდაძე, გრიგოლ დოლიძე, ომარ პატარკაციშვილი, უშანგი ბანძელაძე და დემურ ჩიხლაძე კვლავ „სამგურალის“ ღირსებას დაიცავენ. მათთან კონტრაქტები გახანგრძლივდა. ასევე გუნდში ითამაშებენ ლუკა ასათიანი და გიორგი თევზაძეც, რომლებსაც „სამგურალთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებთ“, – წერია „სამგურალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიგოლ დოლიძის ამბავი, რომელიც 38 წლისაა, პროფესიულ ფეხბურთში კი 21-ე სეზონისთვის ემზადება. მან კარიერა 2000 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ დაიწყო და ამის შემდეგ 14 გუნდში თამაშობდა. რამდენიმე კლუბის ფორმით საქართველოს სამივე პრესტიჟული ტიტულის მფლობელი გახდა – ქვეყნის ჩემპიონი, თასის და სუპერთასი მფლობელი. 2007-2008 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და მისი ფორმით სამი მატჩი ჩაატარა. გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი ეროვნულ ლიგას „სამგურალში“ გატარებული ერთი სეზონის შემდეგ უბრუნდება.
აქვე ვიტყვით, რომ „სამგურალთან“ სეზონის შემდეგ ხელშეკრულებები გაახანგრძლივეს სერგო კუხიანიძემ, თედო კიკაბიძემ, შალვა ბურჯანაძემ, გაგა გაზდელიანმა, ილია ახვლედიანმა, კახა მეშველიანმა, პაპუნა ფონიავამ და ისუფ ტურემ.