„სამგურალმა“ ხუთი ახალწვეული წარადგინა - რუსეთში გაზრდილმა ქართველმა სამშობლოში თამაში გადაწყვიტა #1TVSPORT
„სამგურალმა“ ხუთი ახალწვეული წარადგინა - რუსეთში გაზრდილმა ქართველმა სამშობლოში თამაში გადაწყვიტა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის განახლებამდე წყალტუბოს „სამგურალმა“ ახალი ფეხბურთელები წარადგინა, ესენი არიან: 22 წლის ხორვატი ცენტრალური მცველი ბარტულ მარკოვინა, 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი გიორგი სულაქველიძე, 22 წლის ნახევარმცველი ბექა დარცმელია, 21 წლის ბრაზილიელი შემტევი ლეანდრო ლიმა და 26 წლის უკრაინელი ფორვარდი დენის ბალანიუკი.

„სამგურალში“ დანაკლისიცაა – მთავარი მეგოლე გიორგი ნიქაბაძე კარიერას უზბეკეთის სუპერლიგის მესამეადგილოსან „ნეფტჩიში“ გააგრძელებს. ის გუნდში 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობდა და 36 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

წყალტუბოელთა ერთ-ერთი მთავარი შენაძენი გიორგი სულაქველიძეა, რომელიც ახალ გუნდში ჩარიცხვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

„დიდი ხანი ველოდი „სამგურალში“ გადასვლას. როგორც იქნა, ტრანსფერი შედგა და მიხარია, რომ ამ გუნდში მოვხვდი. „სამგურალის“ რამდენიმე თამაში ვნახე და წარმოდგენა მაქვს, როგორ თამაშობს. ძალიან მინდა, 22 ივლისს სათასო დაპირისპირებაში ვითამაშო, გუნდს დავეხმარო და ჩემი შესაძლებლობები გამოვალინო“, – ამბობს სულაქველიძე.

გიორგი სულაქველიძე „ხიმკის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. 2020 წელს მოსკოვის „დინამოს“ დუბლებში გადავიდა, საიდანაც მთავარ გუნდში დააწინაურეს. სულაქველიძეს „სამგურალში“ ცხრა ნომრით ითამაშებს.

„სამგურალი“ საქართველოს თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში 22 ივლისს „გაგრას“ უმასპინძლებს. გამარჯვებულის ვინაობას ერთმატჩიანი დაპირისპირება გადაწყვეტს. მატჩი წყალტუბოს „26 მაისის“ სახელობის სტადიონზე 16:30 საათზე დაიწყება.